გიორგი კალანდიას ,,ქართული მოდის ისტორია”- პრეზენტაცია თსუ-ში

თარიღი: 2023-01-25 19:52:21

როგორ იმოსებოდნენ საქართველოში მეფე-დედოფლები, ერისთავები, საზოგადოების რიგითი წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, ბავშვები? რა ქსოვილს იყენებდნენ? რისი ამოკითხვა შეიძლება ქართული მოდის ისტორიიდან? – კითხვებზე პასუხი, პირველად საქართველოს ისტორიაში, ერთ ვრცელ  ილუსტრირებულ ენციკლოპედიაშია მოცემული. გიორგი კალანდიას ,,ქართული მოდის ისტორია“ 400 გვერდიანია, შედგება 180 თავისგან და კოლხი მედეას ეპოქიდან მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე პერიოდში ქართული მოდის ამსახველ 3200 ფოტოს აერთიანებს. ინტეგრირებული ვიზუალური და ტექსტური მასალა მკითხველს საშუალებას აძლევს, რომ თვალი გაადევნოს ქართული ქსოვილისა და სამოსის ფორმირების ევოლუციას. კვლევისას დამუშავებული  ისტორიული დოკუმენტები, ფრესკები, დღემდე მოღწეული ხელოვნების ნიმუშები მკაფიოდ ასახავს აზიურ და ევროპულ გავლენებს, წარსულის გამოწვევებსა და თვითმყოფად ქართულ კულტურას.

„ქართული მოდის ისტორია“ ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა. ნაშრომი საინტერესოა იმ მხრივაც, რომ იგი წარმოადგენს აკადემიური ტექსტის ნიმუშს, რომელიც გამიზნულია როგორც სამეცნიერო წრეების, ასევე, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისა თუ უბრალოდ ქართული კულტურით დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას შეფასებით, „ქართული მოდის ისტორია“ ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური კვლევაა, რომელიც საფუძვლიანად წარმოაჩენს ქართული ქსოვილისა და სამოსის ფორმირების მრავალსაუკუნოვან გზას.

„მინდა მივულოცო ბატონ გიორგი კალანდიას, მართლაც რომ საეტაპო ნაშრომის გამოცემა, რადგან მსგავსი მასშტაბის კვლევა, ქართული მოდის ისტორიის მიმართულებით, თითქმის ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ ჩატარებულა. მეტიც, ამ ნაშრომს ძალიან დიდი სამეცნიერო დატვირთვა აქვს – მასში ასახულია უამრავი ქართული კოსტიუმის რეკონსტრუქცია, რაც საინტერესო საკვლევ მასალას წარმოადგენს ისტორიკოსებისთვის, ეთნოლოგებისთვის და, ზოგადად, ჰუმანიტარული მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებისთვის.

გიორგი კალანდია კვლევით სამუშაოებს წლების განმავლობაში ატარებდა, მთელი საქართველო მოიარა და შეკრიბა ყველა ის ისტორიული დოკუმენტი, რასაც ქართული მოდის ისტორიის შესახებ ჩვენთვის ვიზუალური წარმოდგენის საშუალება შეიძლება მოეცა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომი, რომელიც ნათელს ხდის – თუ რამდენად საინტერესო ისტორია აქვს ქართულ მოდას“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.

ილუსტრირებულ ენციკლოპედიაში, ძირითადად, საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული ქსოვილისა და კოსტიუმების კოლექციის ძვირფასი ნიმუშებია თავმოყრილი, თუმცა გიორგი კალანდიამ შეისწავლა და რეკონსტრუირებული სახით წარმოადგინა ფრესკებზე, ისტორიულ ფოტოდოკუმენტებში, საფლავის ქვებზე ასახული გრავირებები და ნახატები. შედეგად, მკითხველს შეუძლია წარმოდგენა შეიქმნას, თუ როგორ იმოსებოდნენ ქართველი მეფე-დედოფლები, საზოგადო მოღვაწეები, სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენლები და, მათ შორის, ბავშვებიც უძველესი დროიდან XX  საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით და ასევე, გაიგოს, რისი ამოკითხვა შეიძლება მოდის ისტორიიდან პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული მახასიათებლების შესახებ.

წიგნში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ლადო გუდიაშვილის ესკიზებს, რომელიც პირველი ქართველი მხატვარი გახლდათ, რომელმაც პირველად შექმნა ესკიზები ქართული მოდის ჟურნალისთვის. აღსანიშნავია, რომ მათ შორის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეხბურთელების ფორმისთვის შექმნილი ესკიზებიც.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ ნაშრომი რაც შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის ყოფილიყო საინტერესო და ხელმისაწვდომი. წიგნი ასახავს ქართული მოდის ისტორიას უძველესი პერიოდიდან XX საუკუნის 50-იან წლებამდე. განსაკუთრებით ბოლო პერიოდი ჩვენი რეალობის თითქმის განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად, ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება. გარდა ამისა, თუ ქართული ეროვნული მოდის ბრწყინვალე ნიმუშების თუნდაც მცირე აქსესუარები გაჩნდა ჩვენს ყოველდღიურობაში, ეს იქნება დასტური გრიგოლ რობაქიძის ცნობილი სიტყვისა: „მოდა, რომელიც ყოველთვის არსებობს“, – განაცხადა გიორგი კალანდიამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ქართული მოდის ისტორია“ სიმბოლიკით, ისტორიის სხვადასხვა ეპოქითა თუ, ზოგადად, კულტურის სფეროს მიმართულებებით დაინტერესებული მკვლევრებისთვის ახალი საკვლევი არეალის აღმოჩენის წყაროც არის.

„მნიშვნელოვანი გამოცემაა, არაჩვეულებრივი პოლიგრაფიული დონით და, ასევე, სამეცნიერო ღირებულების თვალსაზრისით. მთელი ეს ილუსტრაციები, ანალიზი, აღდგენილი ინფორმაცია, პირველ რიგში, ისტორიკოსებს და ქართული კულტურის სფეროს წარმომადგენლებს წაადგებათ, რადგან ასე ერთიანად თავმოყრილი ინფორმაცია ქართული მოდის მიმართულებით აქამდე არ გვქონდა. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ კვლევის ახალი მიმართულებები აღმოვაჩინოთ, რადგან მოდა ისეთი რამ გახლავთ, რაც ეპოქის სულს გადმოსცემს და ასახავს იმდროინდელ ღირებულებებს, ეთიკურ თუ ესთეტიკურ შეხედულებებს, სოციალური ფენების სტრუქტურასა და ყოველდღიურობის სხვადასხვა ელემენტებს, მათ შორის, ქსოვილების დამზადება-წარმოებასთან დაკავშირებული შინამრეწველობის ფორმებს. მე მგონია, რომ ეს ნაშრომი, ჩამოყალიბებული მკვლევრების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ახალგაზრდებისთვის, რადგან, ერთი მხრივ, აღმოაჩენენ საქართველოს, ქართულ კულტურას ახალი კუთხით, მეორე მხრივ კი მიეცემათ სტიმული – ბოლომდე გაჰყვნენ ღირებულ საქმეს“, – აღნიშნა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა.

გიორგი კალანდიას  ,,ქართული მოდის ისტორია” საქართველოს ხელოვნების სასახლის ბაზაზე მომზადდა. წიგნის პირველი ტირაჟი საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით გამოიცა. ენციკლოპედიის ვრცელი ტირაჟით დაბეჭდვა მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. 

Facebook
Twitter
LinkedIn