„საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში“

თარიღი: 2022-11-30 17:15:39

გიორგი დგებუაძე: „ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიზანია, ჩამოყალიბდეს სტერეოტიპი – საერთაშორისო სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაულები მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის ან პირის წინააღმდეგ არ არის ჩადენილი,  ეს არის უნივერსალური ხასიათის, საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, რომელთა პრევენცია-რეპრესია მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, საქართველოს ვალდებულებაა“.

ქართულ-გერმანული სამეცნიერო  კოლაბორაცია Volkswagen Foundation გრანტის ფარგლებში

საერთაშორისო სისხლის სამართლის თანამედროვე სტანდარტების საქართველოში ეფექტიანი დანერგვის მიზნით ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის პროექტი – „საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში“ – მიმდინარეობს.

პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის, იენისა და ბილეფელდის უნივერსიტეტების თანამშრომლობის ფარგლებში თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის გიორგი დგებუაძის, პროფესორ ბორის ბურგჰარდტისა და პროფესორ ედუარდ შრამის ხელმძღვანელობით ხორციელდება. 

საქართველოში საერთაშორისო სისხლის სამართლის როლის შესწავლა-კვლევა ფოლკსვაგენის ფონდის მიერ გამოცხადებულ პოსტდოქტორანტურის სტიპენდია-საგრანტო პროგრამის კონკურსში – „ინსტიტუციური ცვლილება და სოციალური პრაქტიკა. კვლევა ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში პოლიტიკური სისტემის, ეკონომიკისა და საზოგადოების შესახებ“ –  გამარჯვების შედეგად დაფინანსდა. გადაწყვეტილება კვლევით გეგმაში გაწერილი აქტივობების „ჰიბრიდული“ მახასიათებლებიდან გამომდინარე მიიღეს, რაც კომპლექსურად სამეცნიერო კვლევას, პრაქტიკასა და სწავლებას გულისხმობს. 

„2019 წელს პროფესორი ედუარდ შრამი დამიკავშირდა და ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ მომაწოდა ინფორმაცია. ჩვენ გადავწყვიტეთ პროექტისთვის უფრო მასშტაბური დანიშნულება მიგვენიჭებინა – ჩემი ინდივიდუალური კვლევითი და პრაქტიკული აქტივობის გარდა, სტუდენტებისა და სხვა მკვლევრების ჩართულობაც გაგვეწერა, რაც გააღრმავებდა ქართულ-გერმანულ სამეცნიერო კოოპერაციასაც, რომელიც პროფესორმა მერაბ ტურავამ ჰუმბოლდტისა და იენის პროფესორებთან ერთად დაიწყო. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით, ორი საერთაშორისო კვლევითი პროექტი უკვე განხორციელდა. მიმდინარე კოლაბორაციას, პირობითად, მესამე ქართულ-გერმანული პროექტი ვუწოდეთ“, – აღნიშნა გიორგი დგებუაძემ.

დაგეგმილი ჯგუფური აქტივობებიდან თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტის, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტისა და ბილეფელდის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, ბერლინსა და იენაში  საზაფხულო სკოლა/სამეცნიერო კონფერენცია საერთაშორისო სისხლის სამართალში უკვე ჩატარდა. საზაფხულო სკოლაში საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, ბერლინის ჰუმბოლდტისა და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, პროფესორი მერაბ ტურავა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე, პროფესორი გოჩა ლორთქიფანიძე, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი ფლორიან იესბერგერი, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფესორი ანეტე ვაინკე, კარლსრუეს ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელი, დოქტორი ინეს პეტერსონი, ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორი აზიზ ეპიკი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი ბორის ბურგჰარდტი, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი გიორგი დგებუაძე და სხვა უცხოელი პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები. მონაწილეებმა, საერთაშორისო სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებთან ერთად, უკრაინაში ჩადენილი გენოციდისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული ომისა და აგრესიის დანაშაულებიც განიხილეს.

ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის პროექტის – „საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში“ – ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგ-კურსიც: „ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები საერთაშორისო სისხლის სამართალში“. პროექტი ასევე ითვალისწინებს სტუდენტებისთვის გამიზნულ სხვადასხვა სემინარების, ზაფხულის/ზამთრის სკოლის და იმიტირებულ სასამართლო პროცესის ჩატარებას. საორგანიზაციო საკითხებს კოორდინირებას პროექტის ასისტენტი, თსუ-ს სტუდენტი ნინო მაისურაძე უწევს.  

ამ ეტაპზე პროექტის ხელმძღვანელის – გიორგი დგებუაძის ინდივიდუალური აქტივობები მიმდინარეობს, რაც  ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სააპელაციო პალატაში მოწვეული სპეციალისტის პოზიციაზე პრაქტიკულ საქმიანობას ითვალისწინებს. სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტი გერმანიასა და ნიდერლანდებშია დაგეგმილი.

 „ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოქმედებს მოწვეული სპეციალისტების პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ორგანოში ითვალისწინებს პრაქტიკულ საქმიანობას. კანდიდატებს კონკურსის შედეგად არჩევენ. ჩემი აპლიკაცია დააკმაყოფილეს და მერგო პატივი, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სააპელაციო პალატაში, პირველი ქართველი მოსამართლის გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო მართლმსაჯულების პრობლემებზე დამეწყო მუშაობა. ჩემი პრაქტიკული საქმიანობის მიზანია არამხოლოდ ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევის ხელშეწყობა, არამედ საქართველოში საერთაშორისო სისხლის სამართლის როლის გაზრდა. საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში აქტუალურია, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ პროკურორს, საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყების ნება დართო. ამას წინ უძღოდა პროკურორის მიმართვა იმ დანაშაულთა გამოძიების დაწყების თხოვნით, რომელიც საქართველოში, 2008 წელს, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ შეიარაღებულ ფორმირებებსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს განხორციელდა. საქართველოს სიტუაცია პირველი პრეცედენტია აფრიკის კონტინენტის გარეთ, რომელიც ეხება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში ჩადენილ დანაშაულებს, რომის სტატუტის არამონაწილე სახელმწიფოს – გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრის მოქალაქეების ჩართულობით.

ასევე, ვაანალიზებთ საერთაშორისო სისხლის სამართლის უახლეს კონცეფციებს, რომლებიც, ძირითადად, დაფუძნებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტზე. პროექტის მიზანია არა მხოლოდ ეროვნული და საერთაშორისო სისხლის სამართლის კანონმდებლობის ინსტიტუციური ცვლილებების ტიპისა და დინამიკის კვლევა, არამედ საქართველოში არსებული პრაქტიკული პრობლემების მოგვარება, აქ მოქმედი სისხლის სამართლის მატერიალური და პროცესუალური ნორმების მოქნილ და პროდუქტიულ საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულებასთან შედარება, მათ შორის, ფართომასშტაბიანი, სისტემატური და სისტემური დანაშაულისთვის ეფექტიანი ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კონცეფციების შემუშავება“, – განმარტა გიორგი დგებუაძემ.

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიას შეფასებით, „საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის დარგში ახალი ცოდნის შექმნას უზრუნველყოფს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებთან არაერთი წლის თანამშრომლობა აკავშირებს. აღნიშნული თანამშრომლობის ნაწილს წარმოადგენს მიმდინარე პროექტი საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით, რომლის სამიზნე აუდიტორია მოიცავს სამ უმთავრეს კომპონენტს, რომელი მიმართულებებით მუშაობაც ქვეყანაში სამართლის განვითარების წინაპირობას წარმოადგენს – სწავლება, კვლევა და პრაქტიკა. ჩვენთვის პრიორიტეტულია  აკადემიური პერსონალის მაქსიმალური მხარდაჭერა, რადგან სწორედ ამ გზით ფორმირდება და ნარჩუნდება ის ძლიერი აკადემიური გუნდი, რომელიც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე არსებობს.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩვენი პროფესორების ჩართულობა ამ ტიპის პროექტებში, რაც ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციას ზრდის და უდავოდ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისთვისაც და სახელმწიფოებრივადაც. გიორგი ძალიან კარგად უძღვება ამ პროექტს და მას იურიდიული ფაკულტეტის სრული მხარდაჭერა აქვს“, – აღნიშნა თამარ ზარანდიამ.

„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ჩვენი კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ვალდებულება გვაქვს, ეს პროექტი ამ მიზანსაც ემსახურება“

პროექტის – „საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში“ – ფარგლებში დაგეგმილი გიორგი დგებუაძის სამეცნიერო კვლევა მაქს-პლანკის ინსტიტუტში, იენის უნივერსიტეტსა და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში განხორციელდება. კვლევის ფარგლებში გაანალიზდება ქართული და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დოქტრინისა და პრაქტიკის ანგლოამერიკული და კონტინენტურევროპული ასპექტები.

„ჩვენი მიზანია, რომ ეროვნულ სისხლის სამართალში მოქნილი და ეფექტიანი საერთაშორისო სისხლის სამართლის პრაქტიკის „ტრანსპლანტაცია“ განხორციელდეს. ვიკვლევ, თუ როგორ შეიძლება გადმოვიტანოთ ჰააგაში შემუშავებული თანამედროვე დეფინიციები თუ კონცეფციები იმპლემენტაციის ან/და ინტერპრეტაციის გზით, რათა ჩვენი კანონმდებლობა და, განსაკუთრებით, სასამართლო პრაქტიკა შეესაბამებოდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისპრუდენციას, რისი ვალდებულებაც გვაქვს, როგორც რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოს. ეს საკითხი, მათ შორის, აქტუალურია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენი კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით. ჰააგის სასამართლოს წესდება შედგება სისხლის სამართლის ზოგადი, კერძო და პროცესუალური ნაწილებისგან. პროექტის მიზანია, მოხდეს ამ ნაწილების უფრო მეტი ჰარმონიზაცია ეროვნული სისხლის სამართლის ზოგად, კერძო და პროცესუალურ ნაწილებთან, თანამედროვე დეფინიციებისა და კონცეფციების გადმოტანით. მაგალითად, ყურადსაღებია, უნივერსალური იურისდიქციისა და კომპლემენტარულობის პრინციპები, აგრესიის დანაშაულის დეფინიცია, რომელიც 2010 წელს შეიქმნა და გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, მოქნილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახეების გამოყენების შესაძლებლობა სისტემურ, ფართომასშტაბიან დანაშაულებთან მიმართებით, რომლებსაც მაღალი თანამდებობის პირები სჩადიან და გააჩნიათ დანაშაულებრივ ქმედებაზე ფუნქციონალური და ორგანიზაციული ბატონობა, აქვთ ძალაუფლება, განსაზღვრონ შესაბამისი ქმედების „შინაარსი“. ეს საკითხები პრეცედენტული მნიშვნელობისაა იმის დასადგენად, „თუ ვინ არის უფრო მეტად პასუხისმგებელი“ დანაშაულებრივი შედეგის დადგომაში, თუ როგორ იყენებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არსებითი და სუბსტანციური კონტრიბუციის სტანდარტებს, იმის დასადგენად, პირი დანაშაულის პირველი ხარისხის მონაწილეა – ამსრულებელი, თუ მეორე ხარისხის – თანამონაწილე. ასეთი პირების დასჯა ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით, ეროვნულ დონეზე“, – აღნიშნა გიორგი დგებუაძემ.

კვლევის შედეგების  ქართულ სამართალზე  ასახვის მექანიზმები

კვლევის შედეგების ქართულ სამართლებრივ სივრცეზე ასახვა კომპლექსური მიდგომით არის დაგეგმილი – უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვა, რისთვისაც ახალი საგანი და ახალი სახელმძღვანელო შემუშავდება, სამეცნიერო კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგ-კურსების ფარგლებში თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი იურისტების ჩართვა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება.

ახალ საგანს, პირველ ეტაპზე, პროფესორი ბორის ბურგჰარდტი და გიორგი დგებუაძე გაუძღვებიან.

„ეს იქნება ერთობლივი საგანი საერთაშორისო სისხლის სამართალში, რომელსაც თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე წავიკითხავთ. შემუშავდება მექანიზმები, რისი მეშვეობითაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკის შესახებ ქართველ იურისტებს – მოსამართლეებს, ადვოკატებს, პროკურორებს მეტ ინფორმაციას მივაწვდით. აღსანიშნავია, რომ ეს პრაქტიკა არ მოიცავს მხოლოდ ოთხ დანაშაულს  – გენოციდს, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ომის დანაშაულსა და აგრესიის დანაშაულს, ის კონტექსტური ელემენტებით აერთიანებს ისეთ დამოუკიდებელ დანაშაულებს, როგორებიცაა მკვლელობა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა და სხვ. ქართველ პრაქტიკოს იურისტებს შეეძლებათ ეს მიდგომები გამოიყენონ ისეთი სისტემური და ფართომასშტაბიანი დანაშაულების გამოსაძიებლად და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის, რომლებსაც, განსაკუთრებით, მაღალი ან საშუალო დონის თანამდებობის პირები სჩადიან. ჰააგის სასამართლოს თანამედროვე დოქტრინები ითვალისწინებს კონკრეტულ პროცესუალურ წესებს, რომლებიც უკვე აპრობირებულია. ზოგადად, ძალიან ჭირს-ხოლმე სისტემური დანაშაულებისას მაღალი თანამდებობის, ანუ პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა. ჰააგის უახლესი დოქტრინები კი მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ მოქცევის ეფექტიანი მექანიზმია“, – განმარტა გიორგი დგებუაძემ.

კვლევის შედეგების პრაქტიკოსი იურისტებისთვის გაზიარების პროცესს მხარს უჭერენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, პროფესორი მერაბ ტურავა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სააპელაციო პალატის მოსამართლე, პროფესორი გოჩა ლორთქიფანიძე. 

ფოლკსვაგენის ფონდის  პროექტი გიორგი დგებუაძის სამეცნიერო კვლევითი ხაზის  გაგრძელებაა

საერთაშორისო სისხლის სამართლის კვლევის ინტერესი, დიდწილად, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოვლენებმა განაპირობა, რის შედეგადაც გიორგი დგებუაძის ოჯახი იძულებული გახდა აფხაზეთიდან თბილისში გადმოსულიყო. შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების, მათი საერთაშორისო და ეროვნულ დონეებზე სამართლებრივი რეგულირების თემატიკის შესწავლა ბაკალავრიატის საფეხურიდანვე დაიწყო, სამაგისტრო საფეხურზეც საერთაშორისო სისხლის სამართლის პრობლემებს იკვლევდა. სადოქტორო დისერტაციის თემა  1998 წელს ჩამოყალიბებული ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს  უფლება-მოვალეობებს ეხებოდა, კონკრეტულად – დანაშაულის ინდივიდუალური შერაცხვის დოქტრინასა და პრეცედენტულ სამართალს, რომელიც გერმანული და ანგლოამერიკული სისხლის სამართლის ზეგავლენით განვითარდა (ხელმძღვანელები: პროფესორები მერაბ ტურავა და კლაუს კრესი). სადოქტორო ნაშრომზე კიოლნის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ინსტიტუტში და მაქს-პლანკის საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში, პროფესორ კლაუს კრესთან ერთად მუშაობდა. დისერტაციის დაცვის შემდეგ, გერმანიის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ინსტიტუტში, ორი პოსტ-სადოქტორო პროექტი განახორციელა, მათ შორის, აგრესიის დანაშაულის დეფინიციის საკითხზე, იმის გამოსარკვევად, თუ როგორ დგინდება ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, როდესაც ერთი სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იყენებს შეიარაღებულ ძალებს. აღნიშნული პოსტ-სადოქტორო კვლევების შედეგად, გიორგი დგებუაძემ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურზე ახალი საგანი – „საერთაშორისო სისხლის სამართლის დოქტრინა და პრეცედენტული სამართალი“ დანერგა და ამ თემაზე სახელმძღვანელო გამოსცა.

„მე ვასწავლი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოების იმ თანამედროვე კონცეფციებსა და პრეცედენტულ სამართალს, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტების რეპრესიისა და პრევენციის მიზნით ჩამოყალიბდა, რათა სისტემური და ფართომასშტაბიანი დანაშაულების თავიდან არიდების უფრო ეფექტიანი მექანიზმები შემუშავდეს“, – აღნიშნა გიორგი დგებუაძემ. 

ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის პროექტი – „საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში“ – 2019 წელს დაიწყო 2024 წლამდე გაგრძელდება. პროექტის დასრულების შემდეგ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტზე გიორგი დგებუაძე უკვე ორი ახალი სალექციო კურსის ავტორი იქნება, სადაც სტუდენტები საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით უახლეს კვლევებზე დაფუძნებულ ცოდნას მიიღებენ.

Facebook
Twitter
LinkedIn