თსუ-ს სტუდენტმა გიორგი ბოკერიამ, როგორც მონაწილემ, სტრადინსის უნივერსიტეტში გამართულ მასშტაბურ სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაში უმაღლესი შეფასება მიიღო

თარიღი: 2023-04-06 20:29:39

თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა გიორგი ბოკერიამ მონაწილეობა მიიღო  ქალაქ რიგის (ლატვია) სტრადინსის უნივერსიტეტში გამართულ მასშტაბურ სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაში  – ,,ჯანდაცვა და სოციალური მეცნიერებები” – 2023.  აღნიშნული კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება ევროკავშირის მხარდაჭერით და მასში მონაწილეობას იღებენ სტუდენტები მთელი მსოფლიოდან.

საერთაშორისო სტუდენტური  კონფერენცია 10-მდე ქვეყნის (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ლიტვა, ესტონეთი, უკრაინა და  საქართველო) სტუდენტებს აერთიანებდა.  კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ლატვიის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები.   

„სამეცნიერო და აკადემიური აქტივობა ჩემი კარიერის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ სულ ვცდილობ  – მაქსიმალურად ვიყო ჩართული  კვლევებში, კონფერენციებში, კონკურსებში. მრავალი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის აქტიური მონაწილე და გამარჯვებული ვარ. რიგაში გამართულ საერთაშორისო სტუდენტურ  კონფერენციაზე მოხვედრა  ჩემი დიდი სურვილი იყო. ამ კონფერენციაში მონაწილეობა უკვე მეორედ მივიღე.  პირველად, კოვიდ პანდემიის გამო, კონფერენციას მხოლოდ ონლაინ ვესწრებოდი.  ამ პერიოდში მქონდა მხოლოდ ონლაინ  გამოსვლები და აქტივობები დიდ ბრიტანეთში, ესტონეთსა და საქართველოში. კოვიდ პანდემიის დასრულების შემდეგ კი ეს ჩემი პირველი ვიზიტი იყო  ევროპაში.

ჩემმა სამეცნიერო აბსტრაქტმა, რომელიც კარდიოქირურგიის დარგიდან იყო, ორ ეტაპიანი შერჩევის რგოლი  წარმატებით გაიარა.  საბოლოოდ კი,  კონფერენციის აქტიურ მონაწილედ მიმიღეს და ამით,  კონფერენციაზე,  პრეზენტაციის გაკეთების საშუალება მომცეს.  დავუკავშირდი ჩვენი ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, ქალბატონ მაია ბიწკინაშვილს, რომლის რჩევითა და ინსტრუქციით,   უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სახელით,  მოვამზადე პროექტი, განცხადება და სხვა დოკუმენტაცია. შედეგად, ჩვენმა  უნივერსიტეტმა სრულად დამიფინანსა რიგაში  ვიზიტის ხარჯები, რაც ჩემთვის დიდი პატივია. კიდევ ერთხელ მინდა გაზეთის საშუალებით ჩემს ფაკულტეტსა და თსუ-ს ადმინისტრაციას მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა  გიორგი ბოკერიამ.

გიორგი ბოკერიამ კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენების შესახებაც  ისაუბრა:  „ჩემი საკონფერენციო  თემა აორტის ჰიბრიდულ ქირურგიულ მკურნალობას  შეეხებოდა, რაც დღესდღეობით  საკმაოდ აქტუალური საკითხია. აორტა გულის მთავარი სისხლძარღვია, მისი დაავადებებიდან კი დისექცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.  ზოგადად, სტანდარტული ოპერაციები აორტის გარკვეული ნაწილის გამოცვლის დროს საათობით გულის გაჩერებას ითხოვს, რაც პოსტოპერაციულ გართულებებთან და შედარებით ხანგრძლივ გამოჯანმრთელების პერიოდთან არის დაკავშირებული.

ჰიბრიდული მიდგომის დროს კი კარდიოქირურგი და ენდოვასკულარული (სისხლძარღვთა) ქირურგი ერთად მუშაობენ ე.წ: ,,Debranching + TEVAR” მეთოდით, რაც გულისხმობს აორტის დაუზიანებელ ნაწილზე მისგან გამომავალი ტოტების მიკერებას (ე.წ. შუნტები) და, ამავდროულად, აორტის დაზიანებულ ნაწილში სტენტგრაფტის ჩაყენებას კათეტერულად.  ოპერაცია საშუალოდ  2 სთ-მდე გრძელდება.

აღნიშნულ მეთოდზე მოკვლევა 3 წლის წინ დავიწყე მედიცინის დოქტორის, კარდიოქირურგის ზაზა კაციტაძისა და სისხლძარღვთა ქირურგის, მედიცინის დოქტორის ვახტანგ ყიფიანის დახმარებით. კონფერენციაზეც სწორედ ამ თემის შესახებ ვისაუბრე,  ოღონდ უფრო გაფართოებული ასპექტებით.  ასევე წარვადგინე  აკადემიკოს ნ. ბოხუას კარდიოვასკულარული კლინიკის ბაზიდან აღებული 2 ქეისიც“, – განაცხადა გიორგი ბოკერიამ, რომელმაც  კონფერენციის ჟიურის მხრიდან დიდი  მოწონება და  უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.  „გულწრფელად რომ გითხრათ, არ ველოდი ასეთ შეფასებას, ერთადერთი  ვიყავი საქართველოდან, ვინც  მედიცინის დარგში  წაიკითხა  მოხსენება  თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სახელით. ეს კი  დიდი პასუხისმგებლობის წინაშე მაყენებდა. ჟიურის წევრები მოწვეული იყვნენ ბირმინგემიდან, ლიტვიდან, ლონდონიდან…  კონფერენციის მედიცინის ნაწილი 20-მდე სექტორისგან შედგებოდა და მათ შორის იყო ქირურგია. სწორედ ამ სექციაში მიიღო ჩემმა ნაშრომმა უმაღლესი შეფასება“, – აღნიშნა გიორგი ბოკერიამ, რომელიც  მიუხედავად ასეთი მაღალი შეფასებისა,  საბოლოოდ, ფინალურ საპრიზო კატეგორიაში მაინც ვერ მოხვდა. იქ ნეირომეცნიერებებზე და ონკოლოგიაზე წარმოდგენილმა მოხსენებებმა დაიკავეს საპრიზო ადგილები. მიუხედავად ამისა, გიორგი თავისი მონაწილეობით მაინც კმაყოფილია, რადგან გამოცდილება  მიიღო და ახალი მეგობრები და კოლეგები შეიძინა, საინტერესო ვორქშოპებისა და ტურების მონაწილე გახდა. აქვე შეხვდა ევროპის ჯანდაცვის ასოციაციის ექს-პრეზიდენტს, ვინც  დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა კარდიოქირურგის სამომავლო გეგმებზე.

ამ კონფერენციის ელჩი ვიქნები საქართველოში

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ ბევრს ვესაუბრებოდი კონფერენციის მონაწილეებს, მინდოდა დაინტერესებულიყვნენ ჩვენი უნივერსიტეტით, ქვეყნის ისტორიით, კულტურითა და სხვა საკითხებით.  სამომავლოდ, თსუ-სა და სტრადინსის უნივერსიტეტს შორის შეიძლება საგანმანათლებლო კოლაბორაცია ჩამოყალიბდეს.  რიგის უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული კონფერენციის ელჩი ვიქნები საქართველოში, რითაც სამომავლოდ  ამ აქტივობის პოპულარიზაცია მევალება ქართველ სტუდენტებში  და მათი  ჩართვა აღნიშნულ პროექტში, რათა მეტმა  ქართველმა ახალგაზრდამ შეძლოს ასეთ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაში   მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა გიორგი ბოკერიამ.

„მაქსიმალური სვლით წინ“ – აცხადებს გიორგი,  რომელიც  სულ მალე უნივერსიტეტს ამთავრებს და  დიდ ბრიტანეთში,   ჯანდაცვის სფეროში,  მაგისტრატურის  სტიპენდიის მოსაპოვებლად ემზადება…

Facebook
Twitter
LinkedIn