საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმების მუხლობრივი და შედარებითსამართლებრივი კომენტარის პრეზენტაცია რომში

თარიღი: 2023-03-07 15:59:23

ლუიჯი ვანვიტელის სახელობის კამპანიის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტისა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ინსტიტუციური თანამშრომლობითა და თანაორგანიზებით გამოცემული ინგლისურენოვანი წიგნის ,,Commentary on Georgian Insurance Law” წარსადგენად რამდენიმე ღონისძიება გაიმართა:

26 იანვარს რომის საპიენცას უნივერსიტეტი მასპინძლობდა საერთაშორისო კონფერენციასა და მრგვალ მაგიდას თემაზე: „ქართული სადაზღვევო სამართლის კომენტარი, როგორც კანონმდებლობის უნიფიცირების მხარდაჭერა“, რომლის ფარგლებშიც ავტორებმა დამსწრე აუდიტორიას ახალგამოცემული კომენტარი წარუდგინეს.

27 იანვარს გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „სადაზღვევო სამართალი წარსულსა და თანამედროვეობაში“, რომელსაც რომის გვიდო კარლის სახელობის სოციალურ მეცნიერებათა თავისუფალმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

იმავე დღეს საზეიმო მიღება გაიმართა იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, რომელსაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში, ბატონი კონსტანტინე სურგულაძე მასპინძლობდა.

წიგნი ,,Commentary on Georgian Insurance Law” სამი ნაწილისგან შედგება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეოცე თავში მოთავსებული დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმების მუხლობრივ და შედარებითსამართლებრივ კომენტარს წარმოადგენს.

„ნაშრომი ეძღვნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დაზღვევის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების მუხლობრივ კომენტარს. წიგნი გამოიცა ინგლისურ ენაზე, რადგან მისი თანაავტორები იტალიელი და ქართველი ავტორები არიან. თუმცა, უკვე დაწყებულია მუშაობა კომენტარის ქართულენოვანი თარგმანის მოსამზადებლად, რითაც ის ხელმისაწვდომი გახდება უფრო ფართო აუდიტორიისათვის საქართველოში.

იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ სადაზღვევო სამართალზე არსებული სამეცნიერო ლიტერატურა თუ სახელმძღვანელო მასალა შედარებით მწირია, ამასთან, რამდენადაც დაზღვევის სამართალი ისწავლება საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე, ეს გამოცემა დახმარებას გაუწევს მკვლევრებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს. აგრეთვე, ის გამოსადეგი წყარო შეიძლება გახდეს მოსამართლეებისა და პრაქტიკოსი იურისტებისთვისაც“, − განმარტავს პროექტის თანაკოორდინატორი და ნაშრომის თანაავტორი გიორგი ამირანაშვილი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმების მუხლობრივი და შედარებითსამართლებრივი კომენტარი სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მხარდაჭერით გამოიცა.

Facebook
Twitter
LinkedIn