გერმანული სამართლის პროგრამა  – LL.M. zuKöln – უკვე 15 წელია წარმატებით ფუნქციონირებს

თარიღი: 2022-11-08 14:44:22

კიოლნის უნივერსიტეტისა და თსუ-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამის – LL.M. zuKöln – დაფუძნებიდან 15 წელი გავიდა და პროგრამა დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ერთწლიან სასწავლო კურსს ითვალისწინებს –   პირველი სემესტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეორე სემესტრი კი კიოლნის უნივერსიტეტში  ხორციელდება. პროგრამაზე მიღების წლიური კვოტა 15-ს შეადგენს, კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი 99 %-ს უტოლდება.   სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კიოლნის უნივერსიტეტის დიპლომი გაიცემა.

LL.M. zuKöln ქართველი სტუდენტებისთვის გერმანული და ევროპული სამართლის დარგებში ცოდნის გაღრმავების მიზნით, 2007 წელს, პროფესორ გიორგი ხუბუასა და კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორის ანგელიკა ნიუსბერგერის ინიციატივით   ამოქმედდა. პროგრამა თავიდან 4 სტუდენტის მიღებით დაიწყო, მოგვიანებით კი  კანდიდატთა რაოდენობა გაიზარდა. გახანგრძლივდა კიოლნის უნივერსიტეტში სასწავლო კურსების გავლის პერიოდიც, რომელიც დასაწყისში 2 თვეს მოიცავდა და ამ ეტაპზე სრულ სემესტრს ითვალისწინებს. შეიქმნა მნიშვნელოვანი ბაზა, რომელიც გერმანულ-ქართული სამართლებრივი ოჯახის ფარგლებში პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად სამეცნიერო-შედარებით საქმიანობას უწყობს ხელს. მაგისტრანტებს წვდომა აქვთ კიოლნის უნივერსიტეტის უნიკალურ ბიბლიოთეკაზე, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს – ნაშრომი ევროპული სტანდარტების შესაბამისად შეასრულონ. 

სამაგისტრო  პროგრამა   აკადემიური  ურთიერთგაცვლის  სამსახურის (DAAD) და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს (AuswärtigesAmt) მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კიოლნის უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება. პროგრამას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან პროფესორი ირაკლი ბურდული, კიოლნის უნივერსიტეტის მხრიდან კი იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბერნჰარდ კემპენი და პროფესორი კრისტიან ფონ კიოლნი ხელმძღვანელობენ. თსუ-ში ვიზიტისას, რომლის ფარგლებში მათ LL.M. zuKöln-ის სტუდენტებისთვის ინტენსიური სალექციო კურსი წაიკითხეს, პროგრამის მიმდინარეობის ხარისხი და, ზოგადად, ქართული სამართლის განვითარების პროცესში LL.M. zuKöln-ის მნიშვნელობა და 15 წლიანი შედეგებიც შეაფასეს.

 „LL.M. zuKöln 15 წელია არსებობს და ეს ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროგრამაა, ძალიან ამაყები და კმაყოფილები ვართ მისი განხორციელების ხარისხით. ამასთან, ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა…  იმდენად დიდია მათი ინტერესი ევროპული სამართლის ოჯახის მიმართ და სწავლის მოტივაცია, რომ სალექციო პროცესში ყოველთვის დიდი ინტერესით ვერთვები“, – შენიშნა პროფესორმა ბერნჰარდ კემპენმა.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ სტუდენტთა ის ჯგუფები, რომლებიც ჩვენი პროგრამის ფარგლებში იზრდებიან და გერმანულ-ევროპულ სამართლებრივ მართლწესრიგს სწავლობენ, მიღებულ ცოდნას შესაბამისად გამოიყენებენ, რაც გერმანული მხრიდან ქართული სამართლის განვითარების პროცესში შეტანილი წვლილი იქნება“, – აღნიშნა პროფესორმა ფონ კიოლნმა.

გერმანელი პროფესორების თქმით, მათთვის აკადემიური ინტერესის საგანს წარმოადგენს ისიც, თუ როგორ ხორციელდება და რამდენად არის შესაძლებელი პოსტსაბჭოთა საზოგადოებებში ევროპული სამართლის ცოდნის, სამართლებრივი კულტურისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება, რომელიც საქართველოში გერმანული სამართლის რეცეფციის პროცესის ფარგლებში მიმდინარეობს და რისი განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმიც ისეთი საერთაშორისო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებია, როგორსაც LL.M. zuKöln წარმოადგენს.

 „ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და, მით უფრო, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ე.წ. ტრანსფორმაციული საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართლებრივი უსაფრთხოება და სამართლებრივი სტაბილურობა, რაც, ზოგადად, დემოკრატიის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ჩვენ უკვე ვიცით, თუ რამდენად არის განვითარებული დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიის სტანდარტები და პრინციპები, მაგრამ ის, თუ დასავლეთ-ევროპის სტანდარტებსა და ღირებულებებზე დაფუძნებით რამდენად შეიძლება განვითარდეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების სამართლებრივი სისტემა,  ჩვენთვის უფრო მეტად საინტერესოა. ამ ეტაპზე მთავარია, რომ ჩვენი დახმარებით ჩავუყაროთ საფუძველი დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების, მისი შემდგომი განვითრების პროცესს, რაც ნებისმიერ ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების, უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნის წინაპირობაა“, – აღნიშნა პროფესორმა ბერნჰარდ კემპენმა.

საქართველოში  სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირების პროცესის ხელშეწყობას ემსახურება LL.M. zuKöln სამაგისტრო პროგრამის დებულებაში გაწერილი  მთავარი მიზანი – „ქართველი სტუდენტებისთვის გერმანული და ევროპული სამართლის დარგებში ცოდნის გაღრმავება“.

 „შეიძლება ითქვას, ჩვენი სამართალი, განსაკუთრებით კი კერძო სამართალი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გერმანული სამართლის რეცეფციის შედეგად შეიქმნა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს, სოციო-ეკონომიკური, პოლიტიკური ვითარება სამართლებრივი ჩარჩო-პირობების შექმნას მოითხოვდა, რაც ერთგვარი გარანტია იქნებოდა დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. დაიწყო გერმანული სამართლის რეცეფციის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მხოლოდ კანონშემოქმედებით საქმიანობას არ მოიცავდა თავის თავში. რეცეფცია არ არის დაკავშირებული მხოლოდ უცხოური სამართლის, მისი კონკრეტული სამართლებრივი ნორმის გადმოღებასთან ნაციონალურ კანონმდებლობაში. იგი ითვალისწინებს სამართლებრივი ნორმების იმპლემენტაციას პრაქტიკულ, რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, რათა ეს უკანასკნელი საზოგადოების თითოეულ ინდივიდამდე და მის შეგნებამდე დავიდეს, რათა მოხდეს თითოეული მოქალაქის მიერ ამ სამართლებრივი ნორმების, როგორც სოციალური ფენომენის, ქცევის წესად მიღება და მის მიმართ მიმღებლური დამოკიდებულება ჩამოყალიბდეს. შესაბამისად, გერმანულ (ევროპულ) სამართალში რაც უფრო მეტი განსწავლული იურისტი გვეყოლება, მით უფრო დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოს მივიღებთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი კომპლექსურად დავინახოთ – კარგი სტუდენტი და კურსდამთავრებული ნიშნავს ჯანსაღ კანონშემოქმედებით პროცესს, ნორმის სამართლიან განმარტებასა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას სამოქალაქო-საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ დონეზე, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სასამართლო ორგანო“, –  განმარტა პროფესორმა ირაკლი ბურდულმა.

„ჩვენი კურდამთავრებულების დასაქმების არეალი მოიცავს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლო სისტემას, ადვოკატურას, პარლამენტს, პროკურატურას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, აკადემიურ სფეროს – პროფესურას… პროგრამა საკმაოდ წარმატებულია. მე, როგორც ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა, სტუდენტის გადმოსახედიდანაც შემიძლია  დაგიდასტუროთ იმ ფაქტის მნიშვნელობა, როდესაც კიოლნის უნივერსიტეტის პროფესურასთან გიწევს კომუნიკაცია. ამ თვალსაზრისით მგონია, რომ პროგრამას დიდი წვლილი შეაქვს საქართველოში იურიდიული განათლებისა და, ზოგადად, ქართული სამართლის განვითარებაში“, – აღნიშნა LL.M. zuKöln-ის კოორდინატორმა თამარ ბერიშვილმა.

გერმანულ-ქართული თანამშრომლობა უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევით სფეროში და, ასევე,  გერმანული გამოცდილების გაზიარება დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირების მიმართულებით, მნიშვნელოვანია ტოტალიტარული რეჟიმების – ფაშისტური და კომუნისტური იდეოლოგიების „მემკვიდრე საზოგადოებების“ კონტექსტშიც.  

„საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წელი გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გაკეთდა, ჩვენ მაინც ვერ მივაღწიეთ ისეთი ევროპული ღირებულებების მქონე საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების დონეს, როგორიც გერმანიამ შეძლო მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან რამდენიმე წელიწადში. უკვე 60-იანი წლების ბოლოს გერმანია ბრიტანეთის შემდეგ მეორე ინდუსტრიულ ქვეყანას წარმოადგენდა ევროპაში. გერმანელ კოლეგებთან ამ საკითხზე საუბრისას ისინი აღნიშნავენ, რომ  მათ ფაშისტური რეჟიმის დამყარებამდე უკვე ჰქონდათ კარგად განვითარებული და ფუნქციონირებადი ბიუროკრატიული სისტემა, სამართლის პატივისცემა, სამართლებრივი აზროვნება, კულტურა და როდესაც ნაციონალ-სოციალისტების მმართველობა დაემხო და იმდროინდელი სახელისუფლებო რეჟიმი დასრულდა, არსებული სისტემა მარტივად გადაეწყო დემოკრატიულ პრინციპებზე. თუმცა, მათ ასევე დიდი დახმარება გაუწიეს მეზობელმა ევროპულმა ქვეყნებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.  

საბჭოთა კავშირში არც ადმინისტრაციული სამართალი არსებობდა, არც კერძო სამართალი და, მითუმეტეს, არც კაპიტალისტურ ურთიერთობაზე დამყარებული ეკონომიკური სამართალი. საქართველომ სრულიად თავიდან დაიწყო მისი თანამედროვე ქვეყნის მშენებლობა და ისტორიის შექმნა. გერმანიაში რამდენიმე საუკუნე გრძელდებოდა რომის სამართლის რეცეფციის პროცესი, ლუდვიგ მაქსიმილიანის, კიოლნის, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში იურიდიული სკოლები XII-XIII საუკუნეებში შეიქმნა და ის, რაც მათ ფაშიტური გერმანიის რღვევის შემდეგ მოკლე დროში მიაღწიეს, შედეგია სწორედ იმ მრავალსაუკუნოვანი საუნივერსიტეტო სამართლებრივი განათლებისა, ტრადიციისა და კულტურისა, რომელიც ჩვენ, გერმანელებთან შედარებით, ძალზე მცირე ოდენობით გვქონდა“, – განმარტა ირაკლი ბურდულმა.

„საუნივერსიტეტო იურიდიული განათლება რომ სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების პროცესში უნიკალურ როლს თამაშობს“ – ამ საკითხზე ქართველი და გერმანელი სამართალმცოდნეები თანხმდებიან. აღნიშნული საერთო ინტერესიდან გამომდინარე,  LL.M. zuKöln-ის პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობაც ეძლევათ.

Facebook
Twitter
LinkedIn