დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების თანამედროვე პრობლემები

თარიღი: 2022-11-21 17:28:07

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია  – „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების თანამედროვე პრობლემები“ – მიმდინარეობს. სამეცნიერო ფორუმი თსუ-ის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება. უკვე გამოიცა საკონფერენციო მასალების კრებული, რომლის სამეცნიერო კომიტეტსა და სარედაქციო საბჭოს შემადგენლობაში  საქართველოს, უკრაინის, უზბეკეთის, სომხეთისა და გერმანიის წარმომადგენლები შედიან.  სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი და მთავარი რედაქტორი აკადემიკოსი თამაზ ჭელიძეა.

„კონფერენციაზე წარმოდგენილი ახალგაზრდა მკვლევართა მოხსენებები თემატიკის თვალსაზრისით დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ყველა დისციპლინას მოიცავს. 50 ახალი კვლევაა წარმოდგენილი, საქართველოს ჩათვლით 6 ქვეყანა მონაწილეობს. დოქტორანტურის, პოსტ დოქტორანტურისა და მაგისტრატურის გარდა, გამონაკლისის სახით მოხსენებები ბაკალავრიატის სტუდენტებმაც წარმოადგინეს, მათ შორის არიან უკრაინელი ახალგაზრდებიც. სამეცნიერო დისკუსიები შერეული ფორმატით მიმდინარეობს“, – განაცხადა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელმა მიხეილ ფიფიამ.

„ახალგაზრდების ჩატარებული კვლევები შთამბეჭდავია – მოიცავს მონაცემთა ფართო სპექტრს, დაკვირვების ხანგრძლივ პერიოდსა და კვლევას თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. მათ ნაშრომებს აქვთ როგორც გამოყენებითი, ასევე დიდი მეცნიერული ღირებულება, კვლევის შედეგები ახალია, ეს პროცესი ხელს უწყობს ახალი ცოდნის დაგროვებას, რაც ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით გრძელვადიანი ინვესტიციაა“, – განაცხადა სტუ ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ამინდის პროგნოზების განყოფილების უფროსმა მარიკა ტატიშვილმა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ახალ კვლევებს შორის იყო მოხსენებები შემდეგ თემებზე:

  • „საქართველოს წყალსაცავებით აღძრული სეისმური მოვლენები“
  • „ლოკალური ატმოსფეროს პროცესების განვითარების დინამიკა და ატმოსფეროს თერმოდინამიკური მდგომარეობა“
  • „არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ლითონებით დაბინძურებული ნიადაგების რეგენერაცია კლინოპტილოლითის გამოყენებით“
  • „აჭარის დასახლებულ ადგილებში გამდინარე მდინარეების კერების შესწავლა“
  • „სასმელი წყლის გამწმენდი მაღალი ქიმიური მდგრადობის მფილტრავი მასალის მიღების მეთოდი“
  • „ამინდის პირობები და საშემოდგომო ხორბლის მოსავლიანობა“….

სამეცნიერო დისკუსია 2 დღის განმავლობაში გრძელდება. კონფერენციის მხარდამჭერია საქართველოს გეოფიზიკური ასოციაცია.

Facebook
Twitter
LinkedIn