ილუსტრირებული პრაქტიკული მაგალითებით  გამდიდრებული ახალი სახელმძღვანელოები

თარიღი: 2022-10-06 21:55:55

„ფინანსური აღრიცხვა“ და „სავარჯიშოებისა და ამოცანების კრებული ფინანსურ აღრიცხვაში“  – ასე ჰქვია სახელმძღვანელოებს, რომლებიც თსუ-ის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აღრიცხვის, ანალიზისა  და აუდიტის კათედრის მიერ მომზადდა პროფესორ ლევან საბაურის რედაქტორობით. წიგნები მომზადებულია საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული კურსისათვის  – „ფინანსური აღრიცხვა“. სახელმძღვანელოებში განხილული თეორიული საკითხები სტუდენტისთვის ადვილად გასაგები რომ  ყოფილიყო, სახელმძღვანელოების შემდგენლებმა ეს საკითხები ილუსტრირებული პრაქტიკული მაგალითებით  გაამდიდრეს (512 გვ), ხოლო კრებულში სავარჯიშოები და ამოცანები წარმოდგენილია თავისი ამოხსნებით (520 გვ.).

თუ რა არის ფინანსური აღრიცხვის არსი და მნიშვნელობა, რატომ  დადგა ამ სახელმძღვანელოების გამოცემის  აუცილებლობა  და  რა საკითხებია განხილული ახალ წიგნებში – ამის შესახებ გვესაუბრება რედაქტორი, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან საბაური.

  • ფინანსური აღრიცხვა აღიარებულია ბიზნესის მართვისა და კონტროლის საშუალებად, რომლის ინფორმაცია  მომავალი პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. ყოველივე ეს ზრდის მოთხოვნებს ფინანსური აღრიცხვის ინფორმაციისადმი, რომელიც მზადდება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს/IFRS) მოთხოვნათა შესაბამისად. ფინანსური აღრიცხვის ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ფინანსური ანგარიშგება მის მომხმარებლებს ხარისხიანი და გამჭვირვალე ინფორმაციით უზრუნველყოფს.
  • ფინანსური აღრიცხვა იწარმოება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად, რომელიც მუდმივად განიცდის ცვლილებებს დროისა და მომხმარებელთა მოთხოვნილების მიხედვით. ამ უკანასკნელის შედეგად დღის წესრიგში დადგა, საჭირო ცვლილებების გათვალისწინებით, ახალი სახელმძღვანელოების გამოცემის საკითხი.
  • სახელმძღვანელოებში განხილულია 2022 წლის მდგომარეობით ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცვლილებების შესაბამისად შემდეგი საკითხები: ფულადი სახსრების აღრიცხვა; მოთხოვნების აღრიცხვა (მ.შ. გაუფასურების მოსალოდნელი ზარალის მოდელი); მარაგების აღრიცხვა (მ.შ. გაუფასურების მოდელები და კრიპტოვალუტის აღრიცხვა); ძირითადი საშუალებების აღრიცხვა; არამატერიალური აქტივების აღრიცხვა (მ.შ. კრიპტოვალუტის აღრიცხვა);  ვალდებულებების აღრიცხვა (ბასს 1, ფასს 9 და ბასს 37-ის შესაბამისად); კაპიტალის აღრიცხვა; შემოსავლების აღრიცხვა ფასს 15-ის შესაბამისად; ფულადი ნაკადების ანგარიშგება და განმარტებითი შენიშვნები.
  • სახელმძღვანელოებში ყველა საკითხი ილუსტრირებულია პრაქტიკული მაგალითებით, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების პროფესიული ჩვევების გამომუშავებას  და დაეხმარება მათ პრაქტიკულ საქმიანობაში. სახელმძღვანელო და კრებული, სტუდენტების გარდა, ასევე განკუთვნილია პრაქტიკოსებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის. სახელმძღვანელოსა და კრებულის  რეცენზენტია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია BDO საქართველო, პარტნიორი კი ი.ჟუჟუნაშვილი. წიგნის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 25 ოქტომბერს გაიმართება.
Facebook
Twitter
LinkedIn