ეთნოლოგი ქალები საქართველოში

თარიღი: 2023-04-26 18:59:48

26 აპრილს თსუ-ში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის,  ეთნოლოგია – ანთროპოლოგიის ინსტიტუტისა და  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქივის ერთობლივი გამოფენა ,,ეთნოლოგი ქალები საქართველოში” გაიმართა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო იმ მეცნიერ ქალთა ფოტოები, ხელნაწერები და მემორიალური ნივთები, რომლებმაც საქართველოში ეთნოლოგიის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა ვერა ბარდაველიძის, ჯულიეტა რუხაძის, რუსუდან ხარაძის, ნანული აბესაძის, თინა ოჩიაურის, ლეილა მოლოდინის, მანანა შილაკაძის, თამარ მამალაძის, ნანული ჯიქიას, ლამარა ფაშაევას, სარა ბედუკაძის, მაყვალა ზანდუკელის, ჟუჟუნა ერეიაშვილის, ლამარა ბედუკიძის, მადონა ხაზარაძის, ციალა ბეზარაშვილის, ცისანა კაკაბაძისა და სხვა ეთნოლოგი ქალების შესახებ საინტერესო ხელნაწერებს, ფოტოებსა და პირად ნივთებს.

გამოფენა გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ. მან ისაუბრა ეთნოლოგ ქალთა ღვაწლზე, რომელიც მათ გასწიეს არა მხოლოდ  დარგის განვითარებაში, არამედ, ზოგადად, სამეცნიერო სფეროში. ჯაბა სამუშიას თქმით, ამ მეცნიერთა ნაშრომები იმდენად დიდი მნიშვნელობისაა, რომ დღესაც მიიჩნევა მეცნიერთა გამორჩეულ სამაგიდო წიგნად.  „თითოეულმა მათგანმა ძალიან საინტერესო, აღსანიშნავი და ლამაზი კვალი დატოვა ქართული მეცნიერების ისტორიაში’’, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ორგანიზატორებთან ერთად ქართველ მეცნიერთა  დოკუმენტების,  ჩანაწერების, პირადი ნივთების მოძიებასა და ცნობების მოპოვებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი დიდ მეცნიერთა მემკვიდრეები და სწორედ მათი დახმარებით აღმოჩნდა ბევრი ნივთი, ხელნაწერი და დოკუმენტი საგამოფენო დარბაზში.

გამოფენის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის, ისტორიკოსისა და ეთნოლოგის, როზეტა გუჯეჯიანის თქმით, ეს ექსპოზიცია ასახავს ქართული ეთნოგრაფიის განვითარების ისტორიას მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან 21-ე საუკუნის 10-იან წლებამდე. „ქართველ ქალ მეცნიერებს უდიდესი წვლილი მიუძღვით  ქართული კულტურის შესწავლის საქმეში, აღსანიშნავია მათი როლი კავკასიელ ხალხთა ეთნოგრაფიის შესწავლის საქმეში. ჩვენ აქ მოსულ ახალგაზრდებს მივაწვდით ინფორმაციას ამ მეცნიერთა მოღვაწეობის, დამსახურებებისა და ცხოვრების, ქართული ეთნოლოგიური კვლევის გამოცდილებისა და მომავლის პერსპექტივების შესახებ. გამოფენა ამით არ სრულდება. ერთი თვის განმავლობაში ჩატარდება არაერთი საინტერესო ღონისძიება, გაიმართება შეხვედრები სტუდენტებთან, მოსწავლე-ახალგაზრდებთან“, – განაცხადა მან.

გამოფენის გახსნაზე ითქვა, რომ იგეგმება ქართული ეთნოლოგიის შესახებ ინგლისურენოვანი პუბლიკაციების მომზადება. ბრიტანელი მეცნიერებისთვის, რომლებიც ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდნენ, აღმოჩენა იყო ესოდენ დიდი ეთნოლოგიური სკოლის არსებობა საქართველოში. სწორედ მათი თხოვნით მომზადდება პუბლიკაციები ინგლისურ ენაზე, ქართულ ენაზე კი ვრცელი მასალა, სავარაუდოდ,  წლის ბოლოს გამოიცემა.

ერთი თვის განმავლობაში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიბრძანდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში, დაესწროს ღონისძიებებს, გაეცნოს ექსპოზიციაზე წარმოდგენილ დოკუმენტებსა და ნივთებს. ამ გამოფენის ყველა ორგანიზატორი თანხმდება, რომ მსგავსი ღონისძიებები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რათა მეცნიერთა ღვაწლი, რომელიც ფასდაუდებელია, არ მიეცეს დავიწყებას.

ნინო ჯანჯალაშვილი

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn