თსუ-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით გამართულ ესეების კონკურსში გამარჯვებულები

თარიღი: 2022-11-01 18:25:33

დასრულდა ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით წელიწადში ორჯერ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასა და ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით იმართება.

ჟიურიმ  გამოავლინა 2 გამარჯვებული: ანანო ცენტერაძე  (ჩაქვის №1 საჯარო სკოლა)  და თამარ ჭიალაშვილი  (მჭადიჯვრის საჯარო სკოლა), ხოლო ბიბლიოთეკის რჩეული გახდა ნიკა მარტიაშვილი (პატარძეულის საჯარო სკოლა).

„კონკურსის ჩატარების მიზანია სკოლის მოსწავლეებში წიგნიერების ამაღლება და  თსუ-ს ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებში ჩართვა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას. კონკურსის თემატიკა ასეთია: ჩემი საყვარელი მწერალი, ჩემი საყვარელი ნაწარმოები, ჩემი საყვარელი პერსონაჟი. 

გვახარებს ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად ჩვენი მონაწილეების რაოდენობა იზრდება!  შემოსული იყო 140-ზე  მეტი  ესე! მნიშვნელოვანია, რომ თსუ-ს ბიბლიოთეკა  არა  მარტო  სტუდენტებისა  და პროფესორ-მასწავლებლებისთვის არის ღია,  ის  სკოლის  მოსწავლეების ინტელექტუალურ ზრდას, მოზარდებში წიგნის  პოპულარიზაციას უწყობს ხელს“, – განაცხადა თსუ-ს ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის განყოფილების გამგემ და კონკურსის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა  მეგი გოჩიაშვილმა.  

ესეების კონკურსის 2 გამარჯვებული გამოავლინა ჟიურიმ – მწერალმა და ჟურნალისტმა  ბესო  ხვედელიძემ  და  მწერალმა და მთარგმნელმა ვასო გულეურმა.  

„ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა –  მონაწილეობა მიმეღო ამ კონკურსში. მე და ჩემს მეგობრებს ძალიან  გვიყვარს წიგნების კითხვა და  წაკითხულის ირგვლივ მსჯელობა თუ საუბარი. კონკურსში მონაწილეობამ და გამარჯვებამ თავდაჯერებულობა  და   ენთუზიაზმი შემძინა, რომ კიდევ უფრო მეტი წიგნი წავიკითხო“, – აღნიშნა მჭადიჯვრის საშუალო სკოლის მოსწავლემ თამარ ჭიალაშვილმა,  რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა კონკურსის ორგანიზატორებს.

გამარჯვებულების დაჯილდოება და სერტიფიკატების გადაცემა გაიმართება თსუ-ს ბიბლიოთეკის ცენტრალური შენობის საგამოფენო დარბაზში 15 ნოემბერს.  

Facebook
Twitter
LinkedIn