„ჩინეთის ისტორია“ ქართულ ენაზე პირველად გამოიცემა

თარიღი: 2022-11-14 13:19:41

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის სინოლოგების ავტორობით „ჩინეთის ისტორია“ გამოიცემა. ქართველ მკითხველს    ჩინეთის თითქმის 3500 წლიანი ისტორიის მშობლიურ ენაზე გაცნობის საშუალება პირველად მიეცემა. ახალი გამოცემა რამდენიმე  დანიშნულებით იქმნება:

  • სახელმძღვანელოს გამოყენება  სასწავლო პროცესისთვის დაიწყება;
  • ჩინეთით დაინტერესებული  მკითხველისთვის  სახელმძღვანელო ზოგადი საკითხავი იქნება;
  • ქართულ საზოგადოებას საშუალება ექნება მშობლიურ ენაზე მეტი ინფორმაცია მიიღოს იმ ქვეყნის ისტორიაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკასა თუ კულტურაზე, რომელიც 2010 წლიდან მსოფლიოს მეორე ეკონომიკური გიგანტია და გეოპოლიტიკური მიმართულებითაც მისი ინტერესები ნელ-ნელა ფართოვდება.

„სხვა ტრადიციულ აღმოსავლეთმცოდნეობის დარგებთან შედარებით, შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების  – იაპონიისა და ჩინეთის კვლევები ახალგაზრდა დარგია და სულ რაღაც სამ ათეულ წელს ითვლის. აქედან გამომდინარე, ქართულენოვანი ლიტერატურა ნაკლებია და, ასევე, არცთუ ისე ბევრია იმ სპეციალისტების რაოდენობა, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. ფუნდამენტური ნაშრომების შექმნას კი სჭირდება დრო და პერსონალი. ჩვენი წიგნი 3500 წლიან ისტორიას აერთიანებს და მასში თავმოყრილია დინასტიების ისტორია, პოლიტიკური მოვლენები, სამხედრო მიმართულება და ა.შ. სინოლოგიის განვითარება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით შედარებით მცირე რაოდენობის ლიტერატურა გვაქვს და იმედია, ჩვენი წიგნი ამ ინფორმაციულ ვაკუუმს, გარკვეულწილად, შეავსებს“, – აცხადებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან „ჩინეთის ისტორიის“ ერთ-ერთი ავტორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოწვეული ლექტორი შალვა ჩიხლაძე, რომელიც პოლიტიკის მეცნიერებისა და სინოლოგიის მკვლევარია და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე ჩინეთის საგარეო პოლიტიკას ასწავლის.

ქართულენოვანი ჩინეთის ისტორიის გამოცემაზე მუშაობა 2018 წელს დაიწყო. პროექტში 6 მკვლევარია ჩართული. ავტორებს იმედი აქვს, რომ ახალი სახელმძღვანელო სტუდენტებსა თუ, ზოგადად, დაინტერესებულ მკითხველს განუმარტავს ჩინეთის იმ ინდივიდუალურ მახასიათებლებს, რაც ამ ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის დროს ვლინდება.

„XXI საუკუნე განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მსოფლიო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში ახალი აქტორები გამოჩნდნენ  –  ე.წ. აზიური ეკონომიკური ვეფხვები: სამხრეთ კორეა, იაპონია, ინდოეთი, ჩინეთი, რომელიც მათ შორის გამორჩეულია, რადგან 2010 წლიდან ჩინეთი გახდა მეორე ეკონომიკური ქვეყანა. დასავლეთისგან თავისი მენტალური, კულტურული თუ ცივილიზაციური აღქმით ჩინეთი ძალიან განსხვავებულია და, თავის დროზე, ასევე განსხვავდებოდა საბჭოთა კავშირისგან. დღეს, ეკონომიკურ გაძლიერებასთან ერთად, პოლიტიკურ, კულტურულ, უსაფრთხოებისა თუ სხვა ნებისმიერ სფეროშიც იზრდება მისი ჩართულობა.

ჩინეთი 1911 წლამდე, მეტნაკლებად, იზოლირებული იყო, 1911-იდან 1949-მდე ქვეყანაში ქაოსური პერიოდია, 1949-იდან 1978 წლებში, მაოს რეჟიმის დროს, მხოლოდ სოციალისტურ სამყაროსთან არის აქტიურ ურთიერთობაში. ის გარე სამყაროსთან კონტაქტზე ბოლო 40 წელია გამოვიდა, რაც ისტორიული გადმოსახედიდან ძალიან ცოტაა. 2012 წლამდე მას გეოპოლიტიკური ინტერესები უკანა პლანზე ჰქონდა გადაწეული, მისთვის პრიორიტეტი ეკონომიკისა და ინდუსტრიის განვითარება იყო, თუმცა ახლა უკვე გეოპოლიტიკურ სფეროშიც აქტიურდება. საყურადღებო და არასასიამოვნოა ის, რომ ჩინეთსა და რუსეთს გარკვეულ სფეროებში ინტერესთა თანხვედრა აქვთ, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობების შედეგად ჩვენი სავაჭრო ბრუნვა სტაბილურად ზრდადია და ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვების მცირე ნაწილი საქართველოს გავლით ხორციელდება. ამ ყველაფრის პარალელურად, გარე სამყარომ არც თუ ისე ბევრი იცის ჩინეთზე და ობიექტურად უნდა ითქვას, რომ ჩინეთის ინფორმაციაც გარე სამყაროზე, ხშირ შემთხვევაში, ზედაპირული ან სტერეოტიპებით გაჟღენთილია. ეს კომუნიკაციას ურთულებს განსაკუთრებით პატარა ქვეყნებს. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე  კი  ნებისმიერ შემთხვევაში გვიწევს და მოგვიწევს მათთან კომუნიკაციის გაღრმავება“, – აღნიშნა შალვა ჩიხლაძემ.

„ჩინეთის ისტორიის“ პრეზენტაცია ახლო მომავალშია დაგეგმილი. საწყის ეტაპზე წიგნის ტირაჟი რამდენიმე ასეულით შემოიფარგლება.

Facebook
Twitter
LinkedIn