ბავშვთა და მოზარდთა სოციალური შფოთვის კვლევა ციფრული ტექნოლოგიებით განხორციელდება

თარიღი: 2023-02-20 17:57:33

თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თეონა ლოდია ბავშვთა და მოზარდთა სოციალური შფოთვის განმაპირობებელი ფაქტორების კვლევას, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, გერმანიის ჰუმბოლდტისა და იენას უნივერსიტეტებში განახორციელებს.

კვლევითი პროექტი ქართველ მეცნიერთა მობილობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებითა და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) ორგანიზებით მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის მიზანია ქართველი მეცნიერების ხელშეწყობა სამომავლოდ ჰორიზონტი ევროპის გრძელვადიან კვლევით პროექტებში მონაწილეობის მისაღებად.

 „კვლევის მნიშვნელობას და ინოვაციურობას, პირველ რიგში, განაპირობებს ის, რომ საქართველოში, ფაქტობრივად, არ ტარდება კვლევები კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით, მით უფრო – ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.

სოციალური შფოთვის განმაპირობებელი ფაქტორების კვლევა ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით ხელს შეუწყობს ამ მეთოდოლოგიის ფსიქოთერაპიაში გამოყენების დანერგვას და, შესაბამისად, შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

კვლევის შედეგები საშუალებას მოგვცემს გადავხედოთ და ახალი ინფორმაციით შევავსოთ სოციალური შფოთვის განვითარების კოგნიტიური მოდელი ბავშვებსა და მოზარდებში.

კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია, რომელიც ერთ-ერთი ეფექტური, კვლევებით დადასტურებული თერაპიული მიდგომაა სოციალური შფოთვის შემთხვევაში, გულისხმობს ირაციონალური აზრების აღმოჩენას, გაანალიზებასა და რესტრუქტურირებას. კლინიკური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ აზრები, რომლებიც SAD-ის შემთხვევაში უკავშირდება გარკვეულ სოციალურ სიტუაციებს და იწვევს შფოთვას, რთული დასაფიქსირებელია თერაპიული სესიის დროს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაში, რადგან მათ მეტაკოგნიტიურიუნარები ჯერ კიდევ კარგად არ აქვთ განვითარებული. ვირტუალური ექსპოზიციის მეთოდი, ამ შემთხვევაში, არის საუკეთესო საშუალება სოციალური შფოთვის გამომწვევი ირაციონალური აზრების დასაფიქსირებლად, რადგან ბავშვი და მოზარდი ფსიქოთერაპიული სეანსის დროს უპირისპირდება შფოთვის გამომწვევ სოციალურ სიტუაციას და ფსიქოთერაპევტის დახმარებით მარტივად აღმოაჩენს ირაციონალურ აზრებს“, – განმარტავს თეონა ლოდია.

ვირტუალური ექსპოზიციის მეთოდით კვლევა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას საჭიროებს, რისი რესურსი და შესაბამისი გამოცდილება ჰუმბოლდტისა და იენას უნივერსიტეტებში უკვე არსებობს. თეონა ლოდიასკვლევა სწორედ აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების ბავშვთა და მოზარდთა კლინიკური ფსიქოლოგიის სამუშაო ჯგუფთან ერთად წარიმართება.

„პანდემიის გამოცდილებამ აქტუალური გახადა e-mental health სერვისების არსებობა, რომელიც გულისხმობს დიგიტალური ინფორმაციისა და კომუნიკაციის გამოყენებას მენტალური ჯანმრთელობის სერვისების გაუმჯობესებისთვის. მსოფლიოში უკვე არსებობს Virtual Reality Exposure მეთოდის ფსიქოლოგიური კვლევისას თუ ფსიქოთერაპიის დროს გამოყენების გარკვეული გამოცდილება. წარმოდგენილი კვლევითი პროექტის ფარგლებში ჩვენი მთავარი პარტნიორია ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი ჯულია ასბრანდი. პროფესორი ჯულია ასბრანდი წელს ახალი კვლევითი ჯგუფის ჩამოყალიბებას გეგმავს იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში. ახალი კვლევითი ჯგუფის ფოკუსი სწორედ ბავშვებსა და მოზარდებში შფოთვითი აშლილობების შესწავლა იქნება. ის დაინტერესებულია ჩვენთან თანამშრომლობით და მზადაა აქტიურად ჩაერთოს ჩვენი კვლევის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ჩვენი კვლევის მიზანია – შევისწავლოთ ბავშვებსა და მოზარდებში სოციალური შფოთვის გამომწვევი და შემანარჩუნებელი კოგნიტიური ფაქტორები თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. კვლევითი პროექტის ფარგლებში შევისწავლით ყურადღების და აღქმული ინფორმაციის ინტერპრეტაციის პროცესებს სხვადასხვა სოციალურ სტიმულთან მიმართებით. ასევე, გავაანალიზებთ ასაკობრივ და სქესობრივ განსხვავებებს საკვლევ ცვლადებთან მიმართებით“, – აცხადებს თეონა ლოდია.

კვლევის ავტორი პროექტის რამდენიმე მნიშვნელოვან შედეგს პროგნოზირებს. მისი განმარტებით, მოსალოდნელი პროდუქტები იქნება:

• „გერმანელ კოლეგებთან ერთად სამეცნიერო პუბლიკაციის გამოქვეყნება;

• გადაიხედება და ახალი ცოდნით გამდიდრდება სოციალური შფოთვის კოგნიტიური მოდელი, რაც შეავსებს ბავშვთა და მოზარდთა ასაკში სოციალური შფოთვის გამომწვევი მექანიზმების შესახებ არსებულ მტკიცებულებებს;

• საერთაშორისო ინტერდისციპლინური თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნება ქართული რეალობისთვის სრულიად ახალი ინოვაციური პროდუქტი – Virtual Reality Exposure method. აღნიშნული მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ როგორც ქართველ მკვლევრებს, ასევე, ბავშვთა და მოზარდთა კლინიკურ ფსიქოლოგიაში მომუშავე პრაქტიკოს სპეციალისტებს.

• ქართულ რეალობაში არ არსებობს კვლევითი ლაბორატორია, რომელიც საშუალებას მისცემს მკვლევრებს  – გაეცნონ და გამოიყენონ ტექნოლოგიური მეთოდოლოგია კვლევის დროს. წარმოდგენილი კვლევის შედეგად შექმნილი ინოვაციური ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს ამგვარი ინსტრუმენტებით დაინტერესებას და ტექნოლოგიური ლაბორატორიის დაარსებას ფსიქოლოგიური კვლევებისთვის;

• საფუძველი ჩაეყრება ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას, რაც ქართულ რეალობაში ბავშვთა და მოზარდთა კლინიკური ფსიქოლოგიის განვითარებას შეუწყობს ხელს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე მოქმედებს სამაგისტრო პროგრამა სახელწოდებით: ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება. აღნიშნული საერთაშორისო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ერთობლივი ახალი კვლევითი პროექტების ინიცირებას და სტუდენტთა ჩართულობას, მათ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას;

• ქართულ რეალობაში კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით კვლევების მწირი გამოცდილება არსებობს. ამასთან, არ არსებობს ფსიქოთერაპიაში თანამედროვე ინოვაციური მეთოდების გამოყენების გამოცდილება. წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შედეგად საფუძველი შეიქმნება ინოვაციური მეთოდების გამოყენებისთვის ფსიქოთერაპიაში;

• კვლევის შედეგების გათვალისწინებით მომზადდება სოციალური შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების თერაპიის გაიდლაინი პრაქტიკოსებისთვის“.

ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვთა და მოზარდთა სოციალური შფოთვის განმაპირობებელი ფაქტორების კვლევა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორი კვლევითი ვიზიტი გერმანიაში, ასევე, ვორქშოფებსა და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.

„ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა თანამედროვე მსოფლიოს უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან ის არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობაა განათლებასა და განვითარებაზე ორიენტირებული თაობების ჩამოსაყალიბებლად. ვფიქრობ, კვლევითი პროექტი ხელს შეუწყობს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ინოვაციური მეთოდების დანერგვას და, შესაბამისად, წვლილს შეიტანს ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებაში“, – აღნიშნავს თეონა ლოდია.

Facebook
Twitter
LinkedIn