,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ფემიციდის წინააღმდეგ საგანმანათლებლო აქტივობებს იწყებენ

თარიღი: 2022-12-22 19:20:33

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტისა და ახალგაზრდული ასოციაცია ,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” თანამშრომლობის ფარგლებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ღონისძიებების ციკლი იწყება.

,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ ჩამოყალიბებული ახალგაზრდული ასოციაციაა, რომლის მთავარ მიზანს ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების გავრცელების ხელშეწყობა წარმოადგენს. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაგეგმილი სტუდენტების აქტივობების სამიზნე აუდიტორია ახალგაზრდობა – სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები არიან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სტუდენტებმა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ღონისძიებათა ციკლი წამოიწყეს. საკითხი აქტუალურია, განსაკუთრებით, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, როდესაც ყველა საუბრობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკა გაიზარდა. ეს რეალურად არ ნიშნავს, რომ ძალადობის შემთხვევებმა იმატა, ეს ნიშნავს, რომ გაიზარდა სამართალდამცავი სტრუქტურებისადმი მიმართვიანობა. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისას მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიურობა და ჩართულობა, რადგან „სამართალი არ არის მხოლოდ კანონშემოქმედებითი პროცესი, სამართალი არის განათლების პროდუქტი. ჩვენ მივესალმებით სტუდენტების ინიციატივას, რადგან იურიდიული ფაკულტეტის მისია არ არის მხოლოდ იურიდიული განათლება, ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობაა ხელი შევუწყოთ სამართლის უზენაესობას და ამ მიმართულებით სახელმწიფოს გაძლიერებას“, – განაცხადა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ.

„მივესალმები სტუდენტების ინიციატივას, ამ მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული აქტივობები დარწმუნებული ვარ – ეფექტიანი იქნება. როდესაც საქართველომ დაიწყო ამ მიმართულებით საკანონმდებლო სისტემის ჩამოყალიბება, მე პარლამენტის წევრი გახლდით და მახსოვს იმ პერიოდში არსებული დისკუსიის სამწუხარო შინაარსი – საზოგადოების ნაწილი საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას მნიშვნელოვნად არ მიიჩნევდა. დღეს ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად აღარ არის, თუმცა საზოგადოება მაინც არ არის საკმარისად გათვითცნობიერებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ საკითხების დარეგულირება არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, რადგან როდესაც მსხვერპლმა იცის, რომ მას საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა ექნება, უფრო გაბედულად გამოიყენებს იმ მექანიზმებს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია მისი უფლებების დასაცავად“, – აღნიშნა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა ირინე ქურდაძემ.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებათა ციკლი დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიას, ესეების კონკურსს, სტუდენტების სასამართლოებში პრაქტიკებსა და სტუდენტური კვლევების ჩატარებას ითვალისწინებს. პროექტი თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებს მოიცავს.

„მიგვაჩნია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ახალგაზრდა თაობიდან უნდა დავიწყოთ. პრობლემა გლობალური ხასიათისაა, ამ გლობალური კონტექსტის ნაწილია საქართველო და შესაბამისად, საკითხის მოსაგვარებლად ახალგაზრდებისა და უნივერსიტეტის ერთობლივი ჩართულობა მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” პრეზიდენტმა, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა შოთა მშვენიერაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტისა და ახალგაზრდული ასოციაცია ,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” თანამშრომლობის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობათა პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 21 დეკემბერს გამართა.

Facebook
Twitter
LinkedIn