ალფრედ ადლერის  – „ადამიანის ბუნების შეცნობისთვის“ – თარგმანის პრეზენტაცია

თარიღი: 2022-12-05 22:06:25

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალფრედ ადლერის ნაშრომის „ადამიანის ბუნების შეცნობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. სამეცნიერო პოპულარული წიგნი გამომცემლობა „დიოგენემ“ გამოსცა. თანამედროვე ფსიქოთერაპიის შემქმნელი „დიდი სამეულის“ ნაკლებად ცნობილი წევრის კლასიკური ნაშრომი ფსიქოლოგმა, თსუ-ს კურსდამთავრებულმა თამარ ბოგვერაძემ თარგმნა.

„მისი სახელი ისეთი პოპულარული არ არის, როგორიც დანარჩენი ორის – ზიგმუნდ ფროიდისა და კარლ გუსტავ იუნგის,  თუმცა თანამედროვე ფსიქოთერაპიული მიდგომების უმრავლესობა ადლერის იდეებს იყენებს. ფართო გავრცელების გამო მათი გარკვეული ნაწილი ჩვეულიც კი გახდა, რადგან ბევრ სხვა თეორიას დაედო საფუძვლად. ალფრედ ადლერს ხშირად ნეოფროიდიანელს უწოდებენ, რაც სწორი არ არის და არც თავად გაახარებდა, თუნდაც ფროიდთან თავისი დამოკიდებულების გამო. ის 1911  წელს ჩამოშორდა ფსიქოანალიზს და საკუთარი თეორია შექმნა, რომელსაც „ინდივიდუალური ფსიქოლოგია“ დაარქვა, რადგან პიროვნებას ერთ მთლიანობად განიხილავდა, ჩართულს სოციალურ კონტექსტში“, – განმარტავს მთარგმნელი თამარ ბოგვერაძე.

„ადლერი თვლიდა, რომ არ შეიძლება ადამიანის, როგორც ინდივიდის, განხილვა ვიწრო და ლოკალურ ჩარჩოში. ის იყო პირველი, რომელმაც თქვა, რომ სოციალური კონტექსტი სერიოზულ  გავლენას  ახდენს  ადამიანის  ქცევაზე.  

ის, ნაწილობრივ,  დაკარგული ავტორია, რადგან, დღეს, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ წააწყდებით ერთ ინსტიტუტს, რომელიც ადლერის ინდივიდუალურ ფსიქოლოგიას იყენებს, როგორც კონცეპტუალურ ჩარჩოს. 1970-1990-იანი წლებიდან ფსიქოლოგიაში ძირითად მიმართულებად იქცა ობიექტთან ურთიერთობის თეორია, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა  სხვა ტერმინებით გადმოცემული  ადლერის  თეორია, ანუ ჩვენ ადამიანის განვითარების განხილვა სოციალური კონტექსტის გარეშე არ შეგვიძლია. თუმცა, მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს,  რომ  ეს წიგნი დაწერილია მეოცე საუკუნის პირველ 30 წელში იმ ცოდნაზე დაყრდნობით, რომელიც მაშინ არსებობდა“, – განაცხადა ახალი გამოცემის შეფასებისას თსუ-ს პროფესორმა, ფსიქოლოგმა მარინე ჩიტაშვილმა.

გამომცემლობა „დიოგენეს“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სამეცნიერო პოპულარული  წიგნების  თარგმანების გამოცემაა, სადაც თანამედროვე ავტორებთან ერთად სხვადასხვა დარგის კლასიკოსი მეცნიერების ნაშრომებიც ერთიანდება.

„დიოგენე“ ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან გამომცემლობებს შორის, რომელიც ქართულ ენაზე არამხატვრულ ტექსტებს გამოსცემს და, მათ შორის არის კლასიკური შრომები ფსიქოლოგიაში. ალფრედ ადლერი უდავოდ  განეკუთვნება მათ რიცხვს. ძალიან გამიხარდა, რომ თარგმანზე თამუნა ბოგვერაძემ იმუშავა. ვფიქრობ, რომ ყველა ფსიქოლოგისათვის და, ზოგადად, დაინტერესებული მკითხველისთვის ალფრედ ადლერის წიგნის „ადამიანის ბუნების შეცნობისთვის“ გამოცემა მნიშვნელოვანი სიახლეა“, – აღნიშნა გამომცემლობა „დიოგენეს“ ხელმძღვანელმა თამარ ლებანიძემ.

ახალი  გამოცემის  პრეზენტაციას  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Facebook
Twitter
LinkedIn