თსუ-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით  ,,აკაკი შანიძის სახელობის სამეცნიერო  კითხვანი“ გაიმართა

თარიღი: 2023-03-30 18:15:29

სუ-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით უნივერსიტეტის ერთერთი დამაარსებლი, ქართული საენათმეცნიერო სკოლის ერთერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს აკაკი შანიძის სახელობის სამეცნიერო  კითხვანი გაიმართა. კითხვანში მონაწილეობა მიიღე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა  პერსონალმა,  უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების მკვლევრებმა, თანამშრომლებმა  და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებმა.

როგორც თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ისტორიის დოქტორმა ზურაბ გაიპარაშვილმა  აღნიშნა,  „სამეცნიერო კითხვანი წელს პირველად იმართება. ჩვენ ამგვარი სამეცნიერო კონფერენციების ჩატარების გარკვეული ტრადიცია უკვე გვაქვს. ასეთი კონფერენციების ჩატარების მიზანი,  ერთი მხრივ,  პატივისცემის გამოხატვაა  დიდი კორიფეების  მიმართ და, მეორე მხრივ, ამით ხელს ვუწყობთ ახალგაზრდა  მეცნიერებს  საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენაში.

დოქტორანტებს  აუდიტორია  იმისათვის სჭირდებათ, რომ  საკუთარი ნამუშევრები გააცნონ კოლეგებს, მოისმინონ მათი მოსაზრებანი, რაც მომავალში მათ თავიანთი შრომის   სრულყოფაში დაეხმარება. 

ასეთი კონფერენციები ჩატარდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ,  აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის ხსოვნის საპატივსაცემოდ,   რომელიც განსაკუთრებით მეგობრობდა თსუ-ს  ბიბლიოთეკასთან. მან სიცოცხლეშივე გადასცა  პირადი ბიბლიოთეკა ჩვენს უნივერსიტეტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ ჩვენი ბიბლიოთეკისათვის.   ასევე, ქვეყნის საამაყო მეცნიერის – აკაკი შანიძის მოღვაწეობის პერიოდში გაიზარდა და გამდიდრდა თსუ-ს ბიბლიოთეკის წიგნადი  ფონდები. იგი პირველი დირექტორის – გიორგი ახვლედიანის შემდეგ ხელმძღვანელობდა თსუ-ს ბიბლიოთეკას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ  ამ ღონისძიებებით  ჩვენ დიდი მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეების მიმართ  პატივისცემასა და  მადლიერებას გამოვხატავთ…“ – განაცხადა თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა  ზურაბ გაიპარაშვილმა, რომელმაც შემეცნებითი ვიქტორინის – ,,აკაკი შანიძის ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღები’’ – გამარჯვებული სტუდენტები:  ნიკა ჭუმბურიძე, მარიამ ხამიცაშვილი და  ზაზა ქარჩავა  დააჯილდოვა და  საჩუქრად წიგნები გადასცა. 

„თსუ-ს ბიბლიოთეკა   ცდილობს  – ახალგაზრდებთან კონტაქტი გააღრმავოს  და   რაც შეიძლება ფართოდ ჩართოს ისინი  ბიბლიოთეკის ცხოვრებაში, წიგნის სამყაროში…  ამ მიზნით  ვატარებთ ხოლმე სხვადასხვა შემეცნებით კონკურსებს, ვიქტორინებს, რომლებიც   სხვადასხვა  მნიშვნელოვან  თარიღებს ეძღვნება. ამ  ვიქტორინასაც  სტუდენტების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა“, – აღნიშნა  ზურაბ გაიპარაშვილმა.

„დიდი სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა ვიქტორინაში  – ,,აკაკი შანიძის ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღები“,  სადაც მრავალ საინტერესო კითხვას  ვუპასუხე. ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობ  დიდი ქართველი მეცნიერების  მოღვაწეობის  შესახებ  ისტორიებს  და  ვცდილობ,  მათგან მაგალითი ავიღო!“ – განაცხადა ვიქტორინის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა ნიკოლოზ  ჭუმბურიძემ.

კონფერენციაზე მუშაობდა 2 სექცია, სადაც თსუ-ს დოქტორანტებმა,  თსუ-ს ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს: „ამირსპასალარის  იდენტიფიკაციის  საკითხისათვის  ბარანის ციხის წარწერა ( 1125-1145 წწ)“ – მომხსენებელი: თსუ-ს ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  დოქტორანტი ნესტან ბაგაური; „სატორგესა და ყაჯირის მთებს შორის მდებარე კლდეში ნაკვეთი კომპლექსი – გარეჯის კიდევ ერთი უცნობი მონასტერი“ – მომხსენებელი: თსუ-ს ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  დოქტორანტი ნიკოლოზ ჟღენტი; „სათაურის სტრუქტურა ქართულ მჭერმეტყველებაში ორიგინალური ორატორული ნიმუშების მაგალითზე“ – მომხსენებელი: თსუ-ს ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი ნათია კენჭიაშვილი და სხვა.

თსუ-ს  ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა  ბიბლიოთეკის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „აქტიურად გრძელდება ბიბლიოთეკის  წიგნადი ფონდის შევსება,  საინფორმაციო ბაზების გაფართოება, რომლითაც  მსოფლიოს დიდი და პრესტიჟული უნივერსიტეტები სარგებლობენ. იგეგმება ახალი გამოფენების და წიგნების გამოცემა, რომელიც მიეძღვნება მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს.  გამოსაცემად მზადდება  ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის  – ანასტასია  ჯამბაკურ-ორბელიანის  ეპისტოლარული მემკვიდრეობის ამსახველი წიგნი,  რომელიც, დაახლოებით, 600 გვერდიანი იქნება; ასევე, თბილისის მერიის მხარდაჭერით მომზადდა თსუ-ს პირველი ცნობილი საზოგადო მოღვაწის – ელისაბედ   ბაგრატიონ-ორბელიანის შესახებ დიდი მონოგრაფია და ალბომი და სხვ“.

„აკაკი შანიძის სახელობის სამეცნიერო  კითხვანი“ გაიმართა თსუ-ს ბიბლიოთეკის ანთიმოზ ივერიელის  სახელობის დარბაზში, სადაც ღონისძიებაზე მოსულმა სტუმრებმა თსუ-ს ბიბლიოთეკაში დაცული აკაკი შანიძის  ნაშრომები დაათვალიერეს.

Facebook
Twitter
LinkedIn